მთავარი პოლიტიკა რა უნდა ლელოს?

რა უნდა ლელოს?

ახალი პოლიტიკური პარტიის პერსპექტივები
14.01.2020
ნახვა 2143

2019 წლის შემოდგომაზე ბანკირმა მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური მოძრაობა ლელო დააფუძნა. სულ მალე მოძრაობა პარტიად გარდაიქმნა. მისი აზრით, 2020 საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი აქვს.

რატომ წავიდა ხაზარაძე პოლიტიკაში

მამუკა ხაზარაძე ქართული ბიზნეს სივრცის გამორჩეული ფიგურაა. ბანკირს პოლიტიკურ ელიტასთან საერთო ენის გამონახვა არასდროს უჭირდა. ჯერ ედუარდ შევარდნაძის კორუმპირებულ რეჟიმთან, შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან და მის გუნდთან, ბოლოს კი გიორგი კვირიკაშვილის მთავრობასთან, განსაკუთრებით თბილი და მომგებიანი ურთიერთობები ჰქონდა. სწორედ კვირიკაშვილის პრემიერობის პირობებში მოახერხა მან ქვეყნის მთავარი პროექტის, ანაკლიის პორტის მშენებლობის ხელში ჩაგდება.

მამუკა ხაზარაძისთვის, ანაკლიის პორტი, ერთგვარი ხელშეუხებლობის გარანტია იყო. ამ გზით მისი, როგორც კონსორციუმის დამფუძნებლის უკან, საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური ინტერესები აღმოჩნდებოდა. აღნიშნული გარანტიის დაკარგვისა და პროკურატურაში მიმდინარე "ფულის გათეთრების" საქმის გათვალისწინებით, მისი პოლიტიკაში წასვლა, დაცულობის ერთადერთ და "ბოლო იმედის გამოსავლად" იქცა.

ვინ არის ლელოს პოტენციური ამომრჩეველი?

"ლელო" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ალტერნატივა ვერ იქნება. პირველს სამთავრობო გუნდისთვის შესაბამისი ელექტორატული უპირატესობა აქვს, ხოლო მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, ნებისმიერ შემთხვევაში "ენმ"-ს წიაღში დარჩებიან. "ლელო", "ევროპული საქართველოს" და სხვა, შედარებით ზომიერი პროდასავლური, მაგრამ, სუსტი პოლიტიკური ჯგუფების პირდაპირი კონკურენტია. ცხადია მხოლოდ ამ პარტიებისგან ხმების წამოღებით, დიდი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება. სწორედ ამიტომ, მიზანი პასიური ამომრჩევლისგან (დაახლოებით 40%) მხარდამჭერების შექმნა და მათი არჩევნებზე მოყვანა იქნება [1]. მოქალაქეთა აღნიშნული კატეგორიის დიდი ნაწილი, როგორც კვლევებით ირკვევა, ახალგაზრდები არიან. "ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) 2019 წლის, პირველი აპრილის კვლევის შედეგების მიხედვით, ახალგაზრდა ამომრჩევლის უდიდეს ნაწილი, ან არ აპირებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას (37%), ან ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას (35%)."საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტთა 68% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში "მეტი ახალგაზრდა უნდა იყოს", ხოლო მათი 74% მრავალ პარტიულობას მიესალმება. ხაზარაძის მიერ გაჟღერებული მესიჯების გათვალისწინებით, მაღალია ალბათობა იმისა, რომ მისი მთავარი დასაყრდენი ძალა, სწორედ ეს ჯგუფი გახდება. ასევე, მაღალი ალბათობით, "ლელოს" მხარდამჭერთა შორის, "თიბისი ჯგუფთან" დაკავშირებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები იქნებიან.

გუნდი - "მთელი მეტია, ვიდრე შემადგენელი ნაწილების ჯამი"

ანაკლიაში მოძრაობის წარდგენის პირველი დღიდან ცხადი გახდა, რომ ხაზარაძის გუნდში პოლიტიკური კომუნიკაციასა და ბანკის PR სტრატეგიას შორის განსხვავებების დანახვა უჭირთ. მათი აზრით, პოლიტიკური მესიჯის შექმნისთვის, მოცემულობაში გამოგონილი სიმბოლიზმის ჩართვა საკმარისი იქნებოდა. "თორმეტიანელები" ყვითელი დაფითა და "დოლ-გარმონით", რბილად რომ ვთქვათ, ცოტა კომიკურად გამოიყურებოდნენ. იმ დღიდან მიდგომა ცოტა შეიცვალა, როგორც ჩანს "მომხმარებლების" აზრი გაითვალისწინეს, თუმცა, ამის მიუხედავად, მოძრაობის საქმიანობას საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება, ჯერჯერობით არ მიუპყრია.

აწ უკვე პარტიის წევრებს, ერთადერთი რამ აერთიანებთ, - მამუკა ხაზარაძე. მიუხედავად იმისა, რომ თავად ბანკირს არაერთხელ უთქვამს, რომ მიზანი ჰეტერარქიული ორგანიზაციის შექმნა იყო, მისი მატერიალური კონტრიბუციიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ "ლელოში ყველა თანასწორი, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორი იქნება." ეს ზოგი, ბანკირის უახლოესი გარემოცვა, რომლებიც ფულს გადაიხდის და შესაბამისად, მუსიკასაც შეუკვეთავს.

გუნდს თუ გადავხედავთ, ორგანიზაციის რიგებში აღმოვაჩენთ მემარცხენეებს, მემარჯვენეებს, გამოუცდელებს, გამოცდილებს. მთლიანობაში, შესაძლებელია მრავალი კარგი პროფესიონალი ვნახოთ, მაგრამ პოლიტიკაში, განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა არისტოტელეს სიტყვები: "მთელი მეტია, ვიდრე შემადგენელი ნაწილების ჯამი." პარტიას არ აქვს სისტემური იდენტობა და ვერც ექნება, რადგან ამ ხალხის გაერთიანება არ განაპირობა საერთო მიზანმა. აბა ვინ იტყვის, რომ მაგალითად, ფიქრია ჩიხრაძეს, გრიგოლ გეგელიას, დავით უსუფაშვილსა და ბადრი ჯაფარიძეს, სულიერ-პოლიტიკური კავშირი აქვთ? შეიძლება ჭკვიანი ხალხი დასხდეს და პარტიისთვის იდეოლოგიური ველოსიპედი გამოიგონოს, მაგრამ 2020 წლის შემოდგომამდე, ეს ვერ მოესწრება.

"ხალხთან, მაგრამ ცოტა მაღლა"

"ლელოს" ლიდერები ცდილობენ სახალხო მოძრაობის იმიჯი მოირგონ. სინამდვილეში, მოძრაობა ძალიან ჰგავს წარსულში კარგად ცნობილ და ახლა მათთან შეზრდილ "ახალ მემარჯვენეებს." ხაზარაძე ბიზნესმენია, მაგრამ ბიზნესზე მეტად, იგი ე.წ ელიტას წარმოადგენს, რომელიც ლიტერატურულ დაჯილდოებებზე სმოკინგებით დადის, გალერეებში ნახატების ცქერით ტკბება და გია ყანჩელს უსმენს. ამ საზოგადოებაში, ჩვეულებრივი ადამიანების ადგილი, არასდროს ყოფილა და ვერც იქნება. ხაზარაძე ხალხს ხვდება იმ სივრცეებში, რომელთა მფლობელიც თავად არის, საუბრობს იმაზე, რა გაუკეთებია და რას გააკეთებს, თუმცა მისი ტონი, სადაც გამაღიზიანებლად ზედმეტი ზომიერებაა, ვერაფრით ვერ ერგება "სახალხოობის" გაცხადებულ სურვილს. ლისის უბნიდან, სადაც ბინის ყიდვის შესაძლებლობა ქართველთა მხოლოდ 1%-ს აქვს, ადამიანების გაჭირვებაზე მშვიდი საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, წამგებიანია.

"დავარცხნილი ზომიერება" "ლელოს", როგორც ორგანიზაციის ქცევაშიც ჭარბობს. აღნიშნულის კარგი ილუსტრაცია პროპორციული არჩევნების მოთხოვნით გამართულ 2019 წლის შემოდგომის აქციებში, მოძრაობის ჩართულობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ყვითელ ყელსახვევიანი ახალგაზრდები შეკრებებზე იდგნენ, კრიტიკულ მომენტში ხაზარაძის გუნდი ერთიანი ოპოზიციის მთავარ სტრატეგიულ ხაზს, სამთავრობო შენობების ბლოკირებას (რაც უკანონო იყო) გაემიჯნა. აღნიშნულით, "ლელომ" ფაქტობრივად განაცხადა, რომ ის თვისებრივად ახალი თამაშის თამაშს აპირებს.

15%-იანი ალტერნატივა

"ლელოს" ლიდერებს ხშირად უთქვამთ, რომ პარტია ე.წ ალტერნატიული პოლიტიკური ძალა უნდა გახდეს. თუმცა, "მესამე ძალის" გაგება, მაღალი ალბათობით, მამუკა ხაზარაძეს თავისი გუნდისგან განსხვავებულად ესმის. თუ პარტიისთვის გამარჯვება ხმათა დიდი რაოდენობის დაგროვებით, საპარლამენტო მანდატების მაქსიმალური რაოდენობის მოპოვებაა, ბანკირისთვის იგივე, შეიძლება ხმების კრიტიკული, 12-15%-ის მიღება იყოს. ამ გზით, იგი შეძლებს თავს "პოლიტიკური ყოფნის" გარანტია მისცეს, რაც პარლამენტში, სავაჭრო კომფორტს შეუქმნის.

მსგავსი ოპოზიციის ყოლა, ხელისუფლებისთვისაც ხელსაყრელია. თუ 2020 წელს, ქუჩის აქციები კვლავაც გაგრძელდება, მაღალი ალბათობით, "ლელოსა" და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის არსებული მანძილი, უფსკრულად გადაიქცევა. ძველ ოპოზიციასთან შედარებით, ბანკირი გამოუცდელია, მაგრამ სამაგიეროდ მის მხარეს თავისივე კაპიტალია, რაც ქართულ პოლიტიკურ ველში წარმატებისთვის გადამწყვეტია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრაგმატულ ხაზარაძესთან მოლაპარაკება, გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე რადიკალურ ოპოზიციასთან.

პროგნოზი

არსებული მდგომარეობით, "ლელოს" რეიტინგი 3-5%-ს არ აღემატება. მოვლენათა საუკეთესო სცენარით განვითარების პირობებში, შემოდგომისთვის, 10-12%-ის მიღწევა შესაძლებელია, თუმცა, ამისთვის, რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დახარჯვა აუცილებელი იქნება.

 

[1] საერთო მონაცემით, გამოკითხულთა 65% არჩევნებზე წასვლას არ აპირებს.

ლაშა მაჭარაშვილი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

14.01.2020
ნახვა 2143

კომენტარები