მთავარი პოლიტიკა ქართული პოლიტიკის იდეოლოგიური ერთგვაროვნება

ქართული პოლიტიკის იდეოლოგიური ერთგვაროვნება

პოლიტიკური სივრცე კვლავ განიცდის პლურალიზმის სიმწირეს
12.01.2020
ნახვა 1007

პლურალიზმის ნაკლებობა და დომინანტური პარტიები ქართულ პოლიტიკაში

მიუხედავად საბჭოთა დიქტატურისგან განთავისუფლებისა, საქართველოში დღემდე ვერ მოხერხდა მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის შექმნა. ასეთი სისტემის შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯგუფები თავიანთი იდეოლოგიური განსხვავებების მიხედვით შექმნიდნენ პოლიტიკურ პარტიებს და გაერთიანდებოდნენ თავიანთი საკითხების განსახილველად და გადასაჭრელად. სანაცვლოდ, ყოველი მომდევნო პარტია მხოლოდ რომელიმე ქარიზმატული პიროვნების გარშემო იქმნება. ანუ ზემოდან ქვემოთ პრინციპით და მხოლოდ მოკლევადიანი მიზნის მისაღწევად, რაც ხელისუფლებაში მოსვლას და დომინანტურ პარტიად გადაქცევას გულისხმობს.

1990 - 1993

მაგალითად, ზვიად გამსახურდიას ლიდერობით დამოუკიდებლობის აღდგენის სათავეებიდან შეიქმნა პარტია "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო". იმის გათვალისწინებით, რომ პარტიაში ნაციონალისტური და ანტისაბჭოთა სენტიმენტები სჭარბობდა, მაშინ ამ პარტიის მთავარი მიზანი საქართველოს საბჭოთა კავშირისგან დახსნა და დამოუკიდებლობისკენ გაძღოლა იყო. 1991 წლის 9 აპრილს ეს მიზანი მიღწეული იქნა, როდესაც გაფორმდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაცია. თუმცა სამხედრო გადატრიალების შემდგომ, მალევე, ფაქტიურად ეს პარტია რადარებიდან გაქრა.

1993-2003

მოგვიანებით, შეიქმნა მოქალაქეთა კავშირი, რომელიც ასევე საბჭოთა სისტემაში გამოწრთობილ ერთ ლიდერზე, ედუარდ შევარდნაძეზე იყო დაფუძნებული. თუმცა ეს პარტიაც დაიშალა და ვარდების რევოლუციის შემდეგ საერთოდ გაუჩინარდა. მოქალაქეთა კავშირის იმავდროული მიზანი სავარაუდოდ საქართველოს 90-იანი წლების ქაოსიდან გამოყვანა და სტაბილური გარემოს შექმნა იყო. თუმცა, პარტია იმდენად ეკლექტური იყო რომ ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიშალა. ეკლექტურობას რაც შეეხება, პარტია შედგებოდა ახალგაზრდა ე.წ. დასავლურ-ლიბერალური ფრთისგან, რომელსაც ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი უძღვებოდა, ხოლო ნაწილი ე.წ. "ძველ გვარდიას" მიეკუთვნებოდა, ანუ ყოფილი საბჭოთა ელიტის უფრო ხნიერ და კონსერვატიულ ნაწილს.

2003-2012

ამას მოჰყვა პარტია ნაციონალური მოძრაობის დაფუძნება მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით. აღნიშნულმა პარტიამ სახელმწიფო მშენებლობაში გარკვეული ტრანსფორმაციული ცვლილებები შეიტანა. მაგალითად, გამოიცვალა სახელმწიფო დროშა, ჰიმნი და გერბი. დაიწყო მასიური და დაუნდობელი ბრძოლა კორუფციისა და კრიმინალის წინააღმდეგ. მოხდა შემოსავლების უფრო ეფექტური აღრიცხვა ბიუჯეტში და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაცია. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდგომ თანდათანობით პარტიამ ამოწურა თავისი იდეოლოგიური და მიზნობრივი რესურსი და ერთპარტიულ დიქტატურად გადაიქცა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას ადამიანის და სამოქალაქო უფლებების ფეხქვეშ გათელვა, სამართალდამცავი სტრუქტურების ერთი პიროვნებისა და პარტიის ხელში ცენტრალიზაცია მოჰყვა.

2012-დღემდე

სამოქალაქო დაპირისპირებისა და ინტენსიური საპროტესტო აქციების ფონზე დაფუძნდა ოპოზიციური კოალიციური გაერთიანება "ქართული ოცნება" ქართველი მილიარდელი ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილი მმართველობა არჩევნების გზით შეცვალა. მოქალაქეთა კავშირის მსგავსად პარტია საკმაოდ ეკლექტური გამოდგა. მასში გაერთიანებული პარტიები როგორც კონსერვატორებს ისე ლიბერალებს მოიცავდა. პარტიის მიზანი სტაბილურობის და პლურალიზმის ხელშეწყობა იყო. გადაიდგა რამდენიმე მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი დემოკრატიისკენ. წინა რეჟიმთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა სახელმწიფო რეპრესიები და კონტროლი საზოგადოებაზე. სოციალური და ეკონომიკური მიმართულებითაც გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. მაგალითად, მოხდა უნივერსალური სადაზღვეო სისტემის შემოღება და ანტი-დისკრიმინაციული კანონის მიღება. თუმცა კოალიციის ამგვარი ეკლექტური მოცემულობა გრძელვდიანი პერიოდში ერთიანობას ვერ უზრუნველყოფდა და მომდევნო არჩევნებზე რამდენიმე პარტიად დაიშალა. მაგალითად, ქართულ ოცნებას გამოეყო რესპუბლიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატები" და მოგვიანებით "კონსერვატიული პარტიაც".

დასკვნის სახით

აქედან გამომდინარე, შესაძლებელია დავასკვნათ რომ საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური სივრცე, მიუხედავად გარკვეული დემოკრატიული ხარისხის მიღწევისა, კვლავ განიცდის პოლიტიკური პლატფორმების პლურალიზმის სიმწირეს. ეს აისახება ერთი ქარიზმატული ან პოპულისტი ლიდერის გარშემო დომინანტური პარტიების დამკვიდრებაში და მათ კონსოლიდაციაში. რაც შეეხება ამ პარტიების იდეოლოგიურ შეხედულებებს და პრინციპებს, მიუხედავად იმისა რომ დეკლარირებულად მოქალაქეთა კავშირი მემარცხენე-ცენტრისტულ, ნაციონალური მოძრაობა მემარჯვენე- ცენტრისტულ ხოლო ქართული ოცნება მემარცხენე-ცენტრისტულ პარტიებს წარმოადგენენ, მათი პლატფორმები, განსაკუთრებით მათი მმართველობების პერიოდებში, უფრო ნეო-ლიბერალური პარადიგმებით შემოიფარგლება. ეს აისახება სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესიდან სხვა იდეოლოგიური პლატფორმების გარიყვაში. ეს კი თავის მხრივ ხელს უშლის უფრო დემოკრატიული და პლურალისტული პოლიტიკური სივრცის დამკვიდრებას. შესაბამისად ჩნდება კითხვა: მიუხედავად ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლისა და არსებული სიღარიბისა, რატომ არ ხდება მემარცხენე პლატფორმის მოძრაობების და პარტიების გამოჩენა პოლიტიკურ არენაზე? და რატომ დომინირებს მხოლოდ ნეო-ლიბერალური შეხედულების პარტიები?

მიხეილ შავთვალაძე

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

12.01.2020
ნახვა 1007

კომენტარები