მთავარი საგარეო პოლიტიკა უკრაინის ავტოკეფალიის წელიწადი. საქართველოს პოზიცია უცნობია

უკრაინის ავტოკეფალიის წელიწადი. საქართველოს პოზიცია უცნობია

რატომ ჭიანურდება ქართული ეკლესიის მიერ გადაწყვეტილების მიღება?
04.01.2020
ნახვა 924

რთული გადაწყვეტილება

2019 წლის დასაწყისში უკრაინის ეკლესიამ ოფიციალურად მიიღო ავტოკეფალია, რამაც მსოფლიოს მართმადიდებლურ ეკლესიებში გარკვეული ძვრები გამოიწვია. ამ ფაქტიდან გამომდინარე წინა წლის შობის დღესასწაულმა მართმადიდებელი მრევლისთვის არა მხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური ხასიათიც შეიძინა. მსოფლიოს მართმადიდებელი ქვეყნების საზოგადოება სულგანაბული ელოდა თავიანთი ეკლესიის გადაწყვიტილებას უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის აღიარების საკითხზე, დასამალი არაა, რომ განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის რეაქციაზე იყო მიპყრობილი. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი რწმენას ეხებოდა, ყველასთვის ცხადი იყო რომ მოვლენებს ფონად ბევრად უფრო ჩახლართული პოლიტიკური თამაში გასდევდა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას მხოლოდ უკრაინისთვის ტომოსის (დოკუმენტ, რომელიც ადასტურებს უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ სტატუსს) გადაცემის შემდეგ გააკეთებდა. ზემოთ აღნიშნულ მოვლენას უკვე 2019 წლის 6 იანვარს ჰქონდა ადგილი, მიუხედავად ამისა საპატრიარქოს გადაწყვეტილება არ გაჟღერებულა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება სინოდის კრებაზე იქნებოდა მიღებული. აგერ უკვე ერთი წელი გავიდა, ხოლო სინოდის შეკრების თარიღი, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ავტოკეფალისთან დაკავშირებულ საპატრიარქოს პოზიციას, დღემდე უცნობია.

განხეთქილების რისკი?

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ეკლესიას ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო დუმს უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით. პირიქით, ეს საკითხი მუდმივად აღძრავს ეჭვებს, რომელიც გვაფიქრებინებს, არა მხოლოდ სინოდის წევრების, არამედ დაბალი რანგის სასულიერო პირების არაერთგვაროვან დამოკიდებულებაზე საკითხისადმი. ამ ფაქტის ერთერთი მაგალითია 2019 წლის დეკემბრის დასაწყისში რუის-ურბნისის ეპარქიიდან ორი მღვდელმონაზვნის, მამა იერონიმესა და მამა ირინეოსის გამგზავრება უკრაინაში. მათ ვიზიტს საგანმანათლებლო ხასიათი ჰქონდა, თუმცა კიევში სტუმრობის დროს ისინი უკრაინის ეკლესიის უმაღლეს წარმომადგენლებს, მათ შორის ეკლესიის წინამძღოლ ეპიფანეს შეხვდნენ. მათი საუბრის ერთერთი თემა სწორედ საქართველოს მიერ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას შეეხებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნაბიჯი საქვეყნოდ მიღებულ, ყოველგვარ დიპლომატიურ ჩარჩოს გასცდა მიუხედავად იმისა რომ მოგვიანებით თავად ახალგზარდა მღვდელმონაზვნებმა განაცხადეს, რომ ისინი არ წარმოადგნდნენ საქართველოს ოფიციალურ პოზიციას და მხოლოდ სუბიექტურად უჭერდნენ მხარს კიევის ავტოკეფალიას. სასულიერო პირების უკრაინაში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა მათ წინამძღოლს, ბევრად უფრო მაღალი რანგის მქონე სასულიერო პირს, მიტროპოლიტ იობს. სავარაუდოა რომ სწორედ მისი თანხმობით განხორციელდა ეს ვიზიტი. საინტერესოა, საუბრის თემატიკა იყო თუ არა შეთანხმებული მამა იობთან, რომელიც არც საჯაროდ ერიდება საკუთარ პოზიტიურ განწყობის დაფიქსირებას უკრაინის ეკლესიისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხზე. სააქართველოს საპატრიარქომ მკაცრად შეაფასა მამაოების უკრაინაში გამგზავრება და გამოხატა საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება მსგავსი ტიპის ვიზიტებთან დაკავშირებით, რაც საფუძველი გახდა ქართულ ეკლესიაში შიდა დაქსაქსვის, რომელიც უფრო და უფრო აშკარა ხდება და ამავდროულად აფერხებს კონსტრუქციული დიალოგის წარმართვის საშუალებას უკრაინის ევტოკაფელიის შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

არა მხოლოდ ავტოკეფალია...

უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის დავის ერთადერთი საკითხი. 2019 წლის ნოემბერში ერთერთმა ყველაზე გავლენიანმა სასულირო პირმა, მთავარეპისკოპოსმა იაკობა საქართველოს პრემიერსა და სხვა მაღალი რანგის მქონე პოლიტიკურ პირებს ბრალი დასდო საქართველოს საპატრიარქოს წინამძღოლის, ილია მეორის თავიდან მოშორების მცდელობაში, ხოლო მაღალ სასულიერო პირებს-პატრიარქზე თავდახსმის მომზადებაში. ამის შემდეგ სასულიერო პირების მიმართ გაჩნდა ბრალდებები სოდომისა და პედერასტიის ცოდვასთან დაკავშირებით. სასულიერო პირების მიერ გამოთქმულმა მსგავსმა განცხადებებმა ცხადია დიდი სკანდალი გამოიწვია, რომელმაც არა მხოლოდ ეკლესია, არამედ მთელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრცე მოიცვა. ზემოთ აღნიშნული ორი სასულიერო პირის, საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად კიევში ვიზიტმა მხოლოდ ცეცხლზე ნავთი დაასხა.

პოლიტიკა ეკლესიაში

ქართულ ეკლესიაში შიდა დაძაბულობას 2020 წლის დასაწყისში პოლიტიკური ერთიანობის არ არსებობაც დაემატა. ქვეყანა მკაფიოდ დაყოფილია პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც არ გვაძლევს უფლებას ოპტიმისტურად ვუცქიროთ უახლოეს მომავალს. საქართველოში ეკლესია ბევრად მეტს წარმოადგენს, ვიდრე მხოლოდ რელიგიურ სიწმინდეს. ის აქტიური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეა რომელიც მონაწილეობს ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პროცესში. ეკლესია არის ქართული თვითმყოფადობის, ეროვნების, დამოუკიდებლობისა და ტრადიციის სიმბოლო... გასაკვირი არაა, რომ ეკლესიაზე გავლენის მოსაპოვებლად სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებები იბრძვიან, ხოლო სასულიერო პირები პოლიტიკოსებთან დაახლოებას და კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ცდილობენ. ამ გარემოებებზე დაყრდნობით, ჩემი აზრით, რთულია დავუშვათ რომ უახლოეს თვეებში გადაწყდება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხი. მიმდინარე წელი არჩევნების წელია, ხოლო კიევის ავტოკეფალიის აღიარებამ შესაძლოა სხვადასხვა შიდა თუ გარე პოლიტიკურ მოვლენათა ტალღა გამოიწვიოს. საკმარისია შევხედოთ რუსული საინფორმაციო საშუალებების რეაქციას ზემოთ აღნიშნული ორი, დაბალი რანგის მღვდელმონაზონის ვიზიტზე კიევში. პრაქტიკულად მაშინვე რუსეთში გაკეთდა აქცენტები სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიების დამოუკიდებლობის მინიჭების პროცესის წამოწყების შესახებ. მივიღებდით მოვლენათა ანალოგიურ განვითარებას, როდესაც ევროპის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამ გამოიწვია სეპარატისტული გეზის გაძლიერება ცხინვალსა და სოხუმში. საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში თუ მივსჯელებთ მსგავსი ტიპის რელიგიურ შედეგებს გავლენა ექნება პოლიტიკურ პროცესებზეც, რომელიც წამგებიანი იქნება "ქართული ოცნებისთვის", რომელსაც ბოლო პერიოდში ისედაც მკვეთრად შეერყა პოლიტიკური პოზიციები. მეორეს მხრივ, უკრაინის ავტოკეფალიის არ აღიარება იქნება ოპოზიციისთვის კარგი არგუმენტი, ბრალი დასდოს მთავრობას მოსკოვთან რბილ დამოკიდებულებასა და კრემლის გავლენის ქვეშ ყოფაში. შესაბამისად მოვლენების არც ასეთი განვითარებაა სასურველი მმართველი პარტიისთვის. ამ გარემოებათა გათვალისწინებით რთული წარმოსადგენია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ცდილობდნენ კულუარების გავლით გავლენა მოახდინონ სინოდზე და წარმართონ მოვლენათა განვითარება მათთვის სასურველი გზით. სტრატეგიულად საქართველოს მთავრობისთვის ყველაზე მომგებიანი იქნებოდა შეინარჩუნოს ,,სტატუს ქვო“ და გაწელოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით მინიმუმ საპარლამენტო არჩევნებამდე.

ვინ იქნება შემდეგი?

2019 წელს უკრაინის ავტოკაფალია აღიარა მათ შორის ბერძნულმა ეკლესიამ, ასევე ალექსანდრიის პატრიარქმა. უკრაინული ეკლესიის წინამძღოლმა ეპიფანემ განაცხადა, რომ 2020 წელს კიევის ავტოკეფალიას კიდევ სამი ან ოთხი ეკლესია აღიარებს. იქნება თუ არა მათ რიცხვში საქართველო? საეჭვოა. პირველ რიგში, ამ საკითხში ნებისმიერმა მოქმედებამ თუ გადაწყვეტილებამ შესაძლოა სერიოზული შიდა პოლიტიკური ძვრები გამოიწვიოს, რაც მმართველი წრეებისთვის არც თუ ისე სასურველია. შეიძლება ისიც კი აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკამ ერთგვარად რელიგია გადაფარა. მეორეს მხრივ, რომ აღარაფერი ვთქვათ სეპარატისტულ რეგიონებზე, საქართველოს ეკლესიაში მუდმივად იგრძნობა რუსეთის გავლენა. სინოდის დიდი ნაწილი მოსკოვის საპატრიაქოს მოიხსენიებს როგორც "დედა ეკლესიას". შეიძლება ისიც კი ითქვას, რომ ასეთი შეხედულება საგრძნობლად დომინირებს სინოდის წევრებს შორის. მესამეს მხრივ, ეკლესიაში შიდა დაქსაქსულობა იმდენად აშკარაა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის კონსტრუქციული დიალოგის წარმართვის საშუალებას ნებისმიერ საკითხზე. ამ გარემოებებზე დაყრდნობით ვფიქრობ, რომ მინიმუმ ამა წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვერ გავიგებთ საქართველოს აშკარა პოზიციას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალისთან დაკავშირებით. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე...

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

04.01.2020
ნახვა 924

კომენტარები