მთავარი საგარეო პოლიტიკა ანაკლიის პორტი აშშ-ის რეგიონული ინტერესების წინააღმდეგ

ანაკლიის პორტი აშშ-ის რეგიონული ინტერესების წინააღმდეგ

ჩინურ – ამერიკული ინტერესები სტრატეგიული ობიექტის გარშემო
25.12.2019
ნახვა 2371

ინტერესთა გადაკვეთა შავი ზღვისპირეთში

2019 წლის 11 ივნისს, აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე ქვეყნის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდა. სხვა საკითხებს შორის, საუბარი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასაც შეეხო. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, სახელმწიფო მდივანმა, საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტის დროულად აშენებისკენ მოუწოდა, რაც მისი თქმით, ჩინეთისა და რუსეთი ეკონომიკური ზეგავლენისგან თავის გადარჩენის უმთავრესი გზა იქნებოდა.

აღნიშნული მოწოდება, ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილის მიერ, ამერიკული მხარის მხრიდან გაკეთებულ მკაცრ გაფრთხილებად წარმოჩინდა. ანაკლიის პორტის საკითხზე გაბატონებული დისკურსის თანახმად, აქ აშშ-რუსეთის ინტერესების მკაფიო შეჯახება იკვეთება, ხოლო საქართველოს ხელისუფლება, პროექტისთვის ხელის შეშლით და მისი მშენებლობის გაჭიანურებით, კრემლის თამაშს თამაშობს.

პომპეოს განცხადებით ფრთაშესხმული ოპოზიციის დიდ ნაწილს, რატომღაც გამორჩა ციტატის მეორე, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი სათქმელი, ვიდრე ეს მარტივ მესიჯში: “ააშენეთ ანაკლია,” - შეიძლება დავინახოთ. დაკვირვებული ადამიანი, უმალ იკითხავდა, რა კავშირშია ჩინეთი საქართველოსთან და რამდენად მიზანშეწონილია მისი და რუსეთის ქვეყნისთვის თანაწონ საფრთხეებად შეფასება?

ჩინური სტრატეგია

პეკინი კავკასიას, “სარტყელისა და გზის ინიციატივის” (BRI) შესაძლო ნაწილად განიხილავს, რაც როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო სივრცეების ეფექტურ ათვისებას და ამ გზით, საკუთარი გავლენის გავრცელებას გულისხმობს. BRI-ში განსაკუთრებული როლი ღრმაწყლოვან პორტებს უჭირავს, 2016 წლამდე, ჩინური გადამზიდავი კომპანიები, მსოფლიო ბაზარზე ფაქტობრივად არ ჩანდნენ და კომპანიებს, როგორებიცაა Мoller-Maersk და Hutchinson Ports, კონკურენციას ვერ უწევდნენ. სწორედ ამ პერიოდში, რამდენიმე სახელმწიფო გადამზიდავის გაერთიანებით, პეკინი ქმნის გიგანტურ კომპანიას - Cosco, რომლითაც ევროპულ და აზიურ პორტებში აგრესიულად შედის. დღეისათვის, აზიისა და აფრიკის ღრმაწყლოვან პორტებთან ერთად, ჩინეთი წილს 16 ევროპულ პორტში ფლობს. ერთადერთი სივრცე, რაზეც პეკინს ხელი არ მიუწვდება შავი ზღვაა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ამ “ჩავარდნის” გამოსწორების საშუალება იქნებოდა.

2016 წელს, ჩინური სახელმწიფო კომპანია PowerChina, ანაკლიის პროექტის განხორციელების მთავარ კანდიდატად მიიჩნეოდა. პეკინთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები, საქართველოს მთავრობამ, ამავე წელს დაიწყო. აღნიშნულ კონტექსტში, გადაწყვეტილება, რომლითაც პროექტი PowerChina-ს სანაცვლოდ, ქართულ-ამერიკულ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” გადაეცა, სრულიად მოულოდნელი იყო. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ხელისუფლებამ უმსხვილესი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესი, ან თხოვნა გაითვალისწინა.

ააშენეთ აუზი, ოღონდ წყალი არ ჩაასხათ

დავუბრუნდეთ პომპეოს განცხადებას. დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდგომ (2016 წ.), ვაშინგტონმა ჩინეთი პრინციპულ მეტოქედ, უკვე ოფიციალურად აღიარა. ხოლო პეკინთან სავაჭრო ომმა პოლიტიკური ველიც მოიცვა. აშშ-ში ხვდებიან, რომ მეგობრებთან ჩინეთის დაახლოვება, ამ უკანასკნელის აგრესიული ეკონომიკური პოლიტიკის გათვალისწინებით, საფრთხის შემცველია. ეკონომიკა კი ამ დაახლოების მთავარი ინსტრუმენტია.

ანაკლიის პორტში ჩინეთი ორი სახით შეიძლება დამკვიდრებულიყო. პირველი, თუ PowerChina პორტის მშენებლობის პაკეტს ხელში ჩაიგდებდა; მეორე, თუ ჩინური ტვირთბრუნვა Cosco-ს, ან სხვა კომპანიების საშუალებით პორტის მთლიანი დატვირთვის, კრიტიკულ მაჩვენებელს გადააჭარბებდა (მაგ. როგორც ეს პირეოსში, ან ზებრუგეშია).

თუ კარგად დავფიქრდებით, ცხადი გახდება, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, პორტის კომერციული მოგების უზრუნველსაყოფად, ჩინური ტვირთის გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე, სრულიად ბუნებრივად, კაპიტალის “ჩინური ტემპით” შემოდინება, ქართულ ეკონომიკას, გარკვეულ წილად, პეკინზე დამოკიდებულს მართლაც გახდის. სწორედ აქ ვხვდებით ერთგვარ პარადოქსს, რომელშიც პომპეოს წინადადება “ააშენეთ ანაკლია, რათა ჩინეთის ეკონომიკური მსხვერპლი არ გახდეთ”, დაახლოებით ასე ჟღერს: “ააშენეთ აუზი, ოღონდ წყალი არ ჩაასხათ”.

მეტი ვიდრე პორტი

დისკუსია აქ არ მთავრდება. ანაკლიის პროექტს, ხშირად, გარდა მისი ეკონომიკური დატვირთვისა, საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვან კომპონენტადაც მოიაზრებენ. რატომღაც, ასევე შეცდომით, ფიქრობენ რომ ეკონომიკური და უსაფრთხოების განზომილებების კომბინირება შესაძლებელი და მეტიც, აუცილებელია.

ზოგიმიიჩნევს, რომ ანაკლია ამერიკისთვის, სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილია და ღრმაწყლოვანი პორტი ვაშინგტონს სამხედრო მიზნებისთვის სჭირდება (რაც ასევე სადავოა), ხოლო საქართველო ამ ინტერესიდან თავის სარგებელს ნახავს. აღნიშნული მსჯელობის განვითარებისას, როგორც წესი, ივიწყებენ იმ ინვესტორთა სურვილებს, რომელთა გარეშეც პორტი ვერ აშენდება. ჩადებდით ფულს ანაკლიაში, თუ გეცოდინებოდათ, რომ მისი უმთავრესი მიზანი, ამერიკული სამხედრო გემების მიღებაა, ხოლო ჩინური ტვირთების გატარებას ამ გემების პატრონები არ მიესალმებიან? იქნებ სწორედ ამიტომ არის რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ვერაფრით ახერხებს დაპირებული მილიონების მოზიდვას?

გადაწყვეტილების მოლოდინში

დასკვნისთვის უნდა ითქვას, რომ პორტის აშენება და მისი სრული დატვირთვით ამუშავება, ყველაზე მეტად საქართველოს ინტერესშია. ევროკავშირთან და ჩინეთთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, პროექტს დამატებით წონას სძენს. რუსეთს რომ პროექტის ჩავარდნა მხოლოდ გაუხარდება, ამაში გასაკვირი არაფერია. უსაფრთხოების კომპონენტი, მოცემულობიდან სულ რომ მოვხსნათ, კრემლი უბრალოდ ვერ მოიწონებს პოსტ-საბჭოთა სამეზობლოში, განვითარებული რესპუბლიკის ყოლას. აშშ-ის პრინციპული რეალიზმის საგარეო პოლიტიკა, პრაგმატულ, რაციონალური არჩევანის პარადიგმას ეფუძნება. ვაშინგტონი არ დაუშვებს კავკასიაში ჩინეთის პოზიციების გამყარებას და პრემიერ ბახტაძესაც, მაღალი ალბათობით, სწორედ ეს უთხრეს. როგორ მოიქცევა აწ უკვე გიორგი გახარიას მთავრობა, ამას მომავალი გვიჩვენებს.

ლაშა მაჭარაშვილი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

25.12.2019
ნახვა 2371

კომენტარები