მთავარი პოლიტიკა პრორუსული ორგანიზაციები როგორც დესტაბილიზაციის წყარო

პრორუსული ორგანიზაციები როგორც დესტაბილიზაციის წყარო

წინასაარჩევნო პროცესში იზრდება იდეოლოგიური შეტევა ამომრჩევლებზე
21.12.2019
ნახვა 1110

კიდევ ერთი კონფლიქტი საქართველოში?

თვალს თუ გადავავლებთ ბოლოს ხანებში საქართველოში არსებულ მოვლენებს, დავინახავთ რომ ქართულ საზოგადოებას უფრო და უფრო უჭირს გაუძლოს მუდმივად მზარდ პოლიტიკურ დაძაბულობას, რომელიც ძალას საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად იკრებს. საარჩევნო სისტემასა და უზენაესის მოსამართლეების არჩევაზე დავა თუ რუსეთთან დიალოგის წარმოების თემაზე არსებული კამათი აისბერგის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. ამ პროცესებს უფრო ღრმა ფესვები გააჩნიათ, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა პარტიებთან თუ იდეოლოგიურ აქტივისტებთან დაკავშირებული პოლიტიკოსების "დუელით". სწორედ ამ მოვლენებითაა გამოწვეული ფაქტი, რომ პრაქტიკულად მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე რამდენიმე თვეა სამაუწყებლო საშუალებები აშუქებენ თბილისში მომხდარ ქუჩის შეტაკებებს, ხოლო იმ ადამიანებს, რომელთაც ყოველდღიურ ცხოვრებაში არ აქვთ შეხება კავკასიასთან, უჩნდებათ კითხვა: ნუთუ საქართველოში ისევ ომია? ამ ორომტრიალში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელთაც არასამთავრებო ორგანიზაციები ჰქვიათ. მათი რაოდენობა საქართველში არნახული სისწრაფით იზრდება და სწორედ ისინი წარმოადგენენ გამოსადეგ ინსტრუმენტს ეგრეთ წოდებული რბილი ძალის პოლიტიკაში, რომელიც ემსახურება პროდასავლური ან პრორუსული იდეოლოგიის გავრცელებას. ყურადღება გავამახვილოთ მეორე ასპექტზე.

კონტროვერსიები რუსული კულტურის ცენტრის ირგვლივ

კრემლის იდეოლოგიასთან დაკავშირებული არასამთავრებო ობიექტების აქტივობამ აქტუალობა განსაკუთრებით აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეხვედრის შემდეგ შეიძინა, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ უშუალო, ქართულ-რუსული დიალოგის პლატფორმას. საუბრებს, რომელთაც წესით უნდა გამოესწორებინათ ორ მხარეს შორის არსებულ დაძაბული ურთიერთობა, სიმართლე ითქვას, არ მოუტანიათ არანაირი ხელშესახები სარგებელი საქართველოსთვის, არამედ ხშირად სწორედ ეს შეხვედრები ხდებიან სხვადასხვა კონტროვერსიის გამომწვევი მიზეზი. ასე მოხდა დეკემბრის დასაწყისში, როდესაც ამჟამად უკვე ყოფილმა რუსეთის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრმა, გრიგორი კარასინმა, საქართველოს მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება. ამ განცხადებამ კიდევ ერთი ანტირუსული პროტესტის ტალღა გამოიწვია, რომელიც შეუჩერებელ რეჟიმში მიმდინარეობს ამა წლის 20 ივნისის, ე.წ. გავრილოვის ღამიდან მოყოლებული. რეალურად არავინ იცის, მართლაც გაიხსნება თუ არა ასეთი ცენტრი თბილისში, და თუკი გაიხსნება, რამდენად მოახდეს ეს ცენტრი რუსული ძალების იდეოლოგიის ინფილტრაციას საქართველოში? საეჭვოა. თბილისი, როგორც დედაქალაქი სადაც ძალიან დიდი სისწრაფით უამრავი რაოდენობის ინფორმაცია შემოედინება, ერთის მხრივ ნაკლებად ექვემდებარება სხვადასხვა მანიპულაციასა და მსოფლმხედველობის შეცვლის მცდელობებს. საქართველოს დედაქალაქი უდაოდ წარმოადგენს პროდასავლური კულტურის ბასტიონს სამხრეთ კავკასიაში. როგორც პროდასავლური ოპოზიცია აღნიშნავს, მსგავსი ცენტრები ზრდიან რუსეთის მხრიდან დაზვერვის გაძლიერების ალბათობას, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კრემლს უკვე გააჩნია ბევრად უფრო ძლიერი და საშიში ინსტრუმენტი საქართველოში. მათ შორისაა უკვე არსებული, ისეთი პრორუსული ორგანიზაციები, რომლებიც დედაქალიქიდან მოშორებით, სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. მათი აქტივობა ეთნიკური უმცირესობის მოსახლეობაში გავლენას ადხენს საქართველოში ევრაზიული იდეოლოგიის მომხრეთა შედარებით მაღალ პროცენტზე და მეტიც, შეიძლება ამ ორგანიზაციების მოქმედებებმა წაახალისოს ამომრჩეველი მხარი დაუჭიროს კრემლის პოლიტიკისკენ მიმართულ პოლიტიკურ პარტიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

რუსული ორგანიზაციების აქტივობა რეგიონებში

ამგვარი სუბიექტების ჯგუფს ამ წლის ოქტომბერში შეემატა ახალციხეში დაარსებული ორგანიზაცია სახელწოდებით "სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე". საინაუგურაციო შეხვედრას დაესწრო "რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის" პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი. გახსნის ცერემონიალზე ხომერიკმა განაცხადა, რომ არათუ რუსეთი, არამედ თურქეთი წარმოადგენს საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს მაშინ, როდესაც რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, შეიძლება ითქვას რომ პარადოქსულად, ზუსტად იმავე დროს რუსი ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიის კიდევ ერთი ნაწილის მიტაცებას განაგრძობდნენ. როდესაც სამცხე-ჯავახეთში "სამშვიდობოდ განწყობილი" რუსეთის ქების განცხადებები ისმოდა, პრაქტიკულად არავის არაფერი გაუპროტესტებია. შესაბამისად, ხომერიკი შეუფერხებლად განაგრძობს თავის პროპოგანდას, გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონებში, ასე თუ ისე ჩრდილში იმყოფება.

დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო გორში, სადაც შედარებით უფრო ადრე შეიქმნა ორგანიზაცია სახელწოდებით "მეგობრობა და სამართლიანობა". მის მთავარ მიზანს რუსეთთან დაახლოება და მოსკოვთან მეგობრობის გაღრმავება წარმოადგენს. ამ შემთხვევაშიც საკმაოდ რთული აღმოჩნდა საპროტესტო გამოძახილების გაგონება.

დაყავი და იბატონე!

ამგვარი მაგალითები კიდევ ბევრია. მსგავსი ორგანიზაციები მთელი საქართველოს მასშტაბით გვხვდება. მათი აქტივობის არეალი ფართოა, თუმცა ყველა მათგანს ერთი საერთო მახასიათებელი გააჩნია. როგორც წესი, ისინი არსდებიან, იცვლიან ფორმასა და ერთიანდებიან რუსეთიდან დაფინანსების მოსაპოვებლად. თანხის მიღების შემდეგ მზად არიან განახორციელონ მითითებული დავალება. საპარლამენტო არჩევნების ფონზე, პრორუსული ორგანიზაციებისთვის რუსეთიდან მიღებული დაფინანსება საგრძნობლად გაიზრდება, ხოლო მათი აქტივობა ძალას მოიკრებს. ამან კი შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. სწორედ ეს გახლავთ რუსეთის მიზანიც. ერთის მხრივ იგი იყენებს ძველ, გამოცდილ ტაქტიკას "დაყავი და იბატონე", ხოლო მეორეს მხრივ, შეფარულად მაგრამ მაინც, ცდილობს გადმოიბიროს პოლიტიკოსები, რომლებიც წარადგენენ ან დაიცავენ რუსეთის ინტერესებს საქართველოში არსებულ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციებში. სიმართლე რომ ითქვას, კარასინის ინიციატივა საქართველოში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ, შესაძლოა კიდევ ერთი დიპლომატიური თამაშის ნაწილი აღმოჩნდეს, რომლის მიზანიც სოციალურ-პოლიტიკური კონფლიქტების გაღვივება და გაღრმავებაა. სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ მიზანი მიღწეულია. ამჟამად ქვეყნის რეგიონებში სრულიად შეუფერხებლად და ყოველგვარი პროტესტის გარეშე არსებიან და ძლიერდებიან პრორუსული ორგანიზაციები...

ქშიშტოფ ლუკიანოვიჩი

ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს ეროვნული უსაფრთხოების ფონდის თვალსაზრისს

21.12.2019
ნახვა 1110

კომენტარები